მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას განცხადების გამო აკრიტიკებს და მიმართავს, რომ მოვლენებზე სახელის დარქმევა არ უნდა უჭირდეთ.
GPBA-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ "ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან".
ბუღაძის პოსტი:
"ეს რა ზოგადი სიტყვებია თქვენს განცხადებაში? "... ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან". რომელი აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან?
"სულაკაურის გამომცემლობას" თავს დაესხა შარლ პეროს ზღაპრის გამო (!) კონკრეტული პოლიტიკური ძალის, "ქართული ოცნების" პრემიერი ღარიბაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან, მათი ტროლ-ზონდერები და პროპაგანდისტული მედიები! ეს რა მოზომილი აბსტრაჰირებაა! ვერ ხვდებით, რომ მთელი ეს თავდასხმები მათი აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია?! ეს ცოტა იმას მაგონებს, თავად ღარიბაშვილი რუსეთს და ოკუპაციას რომ არ ახსენებს... გეგონება, რაღაც სტიქიური და უსახელო ძალა გვებრძოდეს! სახელების დარქმევა მოვლენებზე არ უნდა გიჭირდეთ! მიბაძეთ "მწერალთა სახლის" და სხვების კონკრეტიკას!" - წერს ბუღაძე.